ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, ახალი კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის მასობრივ აცრამდე, საჭიროა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დარწმუნდეს, რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „გვირაბის ბოლოს სინათლეა“, თუმცა, საჭიროა, მოსახლეობამ დაიცვას უსაფრთხოების ზომები.
„დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული, იქნება უსაფრთხო და ეფექტური. როგორც წესი, კარგი ვაქცინის შემუშავებას 5-10 წელი სჭირდება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ერთ წელზე ნაკლებ დროზე ვსაუბრობთ. არსებობს სინათლე გვირაბის ბოლოს. სულ უფრო მეტი ვაქცინაა, რომელიც გადის დამტკიცების პროცედურას და ისინი მომავალი წლიდან გავრცელდება. თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ დრო იქნება საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობის საკმარისი ნაწილი აიცრას, რათა საზოგადოებამ კოლექტიური იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ასე რომ, ჩემი მესიჯი უცვლელია, ჩვენ უნდა მივყვეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს. დრო იქნება საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობის საკმარისი ნაწილი აიცრას, რათა საზოგადოებამ კოლექტიური იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ასე რომ, ჩემი მესიჯი უცვლელია, ჩვენ უნდა მივყვეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს“ – განაცხადა ჰანს კლუგემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკურ სასტუმრო „ჰოილიდეი ინნს“ სტუმრობდა.