რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ჯო ბაიდენისგან კარგს არაფერს ელოდება.
„უცნაური იქნებოდა კარგი მოლოდინების ქონა იმ ხალხისგან, ვინც თავის კარიერას რუსოფობიაზე აკეთებდა“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმე მინისტრის მოადგილემ.
სერგეი რიაბკოვის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში რუსეთმა ტოტალური შეკავებისა და შერჩევითი დიალოგის მიდგომა უნდა გამოიყენოს.
„რუსეთის ფედერაცია ორმხრივ მიდგომაზე უნდა გადავიდეს: აშშ-ის სრული შეკავება ყველა მიმართულებით, ვინაიდან აშშ-ის პოლიტიკა რუსეთის მიმართ მტრულია და ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებს. მეორე მხარე კი შერჩევითი დიალოგია, რაც აშშ-ის ჩართვას მხოლოდ იმ თემებზე გულისხმობს, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა და არა იმ თემებზე, რომლებიც მხოლოდ მათთვისაა საინტერესო. როდესაც ამ რელსებზე გადავალთ, ვფიქრობ, შეიძლება გამოჩნდეს თანდათანობითი საფუძვლები ვაშინგტონთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.