კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის რადას დეპუტატ ელიზავეტა (ლიზა) იასკოს შორის ალიმენტების დაკისრებასთან დაკავშირებულ დავაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და იასკოს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ამ ეტაპზე იასკომ სასამართლოს გზით სააკაშვილისთვის მათი საერთო არასრულწლოვანი ქალიშვილის, ჟასმინის სასარგებლოდ ალიმენტების გადახდის დაკისრება ვერ შეძლო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, იასკომ კიევის შევჩენკოს რაიონულ სასამართლოს ჯერ კიდევ აგვისტოში მიმართა და სააკაშვილისთვის ყოველთვიური ალიმენტის დაკისრება მოითხოვა. თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
უარის მიზეზი სააკაშვილის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის ან ყოფნის ადგილის დადგენის შეუძლებლობა გახდა. სასამართლოს განმარტებით, ალიმენტების დაკისრების შესახებ სასამართლო ბრძანების გამოსაცემად აუცილებელია მოპასუხის მოქმედი მისამართის ცოდნა, რადგან გადაწყვეტილება სწორედ ამ მისამართზე უნდა გაიგზავნოს.
განჩინებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ მისამართზე 2015 წლის 11 აგვისტომდე იყო რეგისტრირებული, თუმცა აღნიშნული თარიღის შემდეგ რეგისტრაციიდან მოიხსნა. სასამართლოს შეფასებით, ეს ინფორმაცია მის ამჟამინდელ საცხოვრებელ ან ყოფნის ადგილს ვერ ადასტურებს.
განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
ამასთან, ალიმენტების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ დასრულდა იასკოსა და სააკაშვილის სხვა სამართლებრივი დავაც. უკრაინული მედიის ცნობით, იასკო ყოფილი პრეზიდენტისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევასაც ითხოვს. ეს ცალკე სამართლებრივი პროცესია.
