კანონპროექტის მეორე მოსმენის შემდეგ, გაიზარდა იმ პირთა წრე, რომელთაც ამნისტია შეეხებათ. პატიმართა რიცხვი, ალბათ, 1 500-ს გადააჭარბებს. ზუსტი რიცხვის თქმა ჭირს, რადგან ეს გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილებაზე იქნება დამოკიდებული. 10 ათასამდე ავა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც პრობაზიის რეჟიმში მიიღებენ შეღავათს და ვისზეც გავრცელდება ამნისტია უშუალოდ, სასჯელის მოხდის პირობებში, – ამის შესახებ ამნისტიის შესახებ ინიციატივის ავტორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ასევე, არიან მაგალითად, ნარკოდანასაულისთვის მსჯავრდებული პირები, რომელთაც აღუდგებათ უფლებები და მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტი იქნება. რაც შეეხება 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს – დაახლოებით, 4 ათასს გადააჭარბებს იმ პირთა რაოდენობა, ვისაც ეს ამნისტია შეეხებათ“, – აღნიშნა მიხელ სარჯველაძემ.