თუ ერთმანეთს შევადარებთ 2012 წლისა და 2015-2016 წლის მონაცემებს, ჩვენ დანაშაულის კლება გვაქვს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, სადაც მან და პარტიის სხვა წევრებმა “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
“იმ ფონზე, რომ ჩვენ რეპრესიული სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა ჩავანაცვლეთ აბსოლუტურად პრევენციული და ჰუმანური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკით, ჩვენ გვაქვს დადებითი ტენდენცია კრიმინოგენური ვითარების თვალსაზრისით. ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს და ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი დეტალებშიც გავშალოთ. პირდაპირ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ იყო გარკვეული ნეგატიური ტენდენცია 2013-2014 წლებში, იგივე 2012 წელთან შედარებით, თუმცა ჩვენ თუ ერთმანეთს შევადარებთ 2012 წლის და 2015-2016 წლის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს დადებითი ტენდენცია, დანაშაულის კლება გვაქვს. მათ შორის, ეს კლება ეხება დანაშაულის ყველაზე მძიმე კატეგორიებს, როგორიცაა – მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა და ა.შ.”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.