„ნაციონალები მუშაობენ იმაზე, რომ „ოცნებას“ არჩევნების გაყალბება დაბრალდეს“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემასთან საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ შეელევა და სწორედ ამიტომ, სიტუაციის არევას არჩევნების დღესაც და არჩევნების შემდეგაც შეეცდება.
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ შეელევა, აუცილებლად მოინდომებს დამტკიცებას იმისა, რომ სულ მცირე, „ქართული ოცნება“ მასზე უარესია.
მთელი 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ამას ამტკიცებს. ახლა არჩევნების დღეს შეეცდება იმის დამტკიცებასაც, რომ ყველაფერთან ერთად, „ქართული ოცნება“ არის არჩევნების გამყალბებელიც ანუ მასზე უარესია. ჩავთვალოთ, რომ ეს არის “ნაციონალების” მთავარი ამოცანა.
ამის გაკეთებას მოინდომებს არა მარტო, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომელთაგან ზოგიერთი მას მხარს დაუჭერს. რამდენად გამოუვათ, ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ერთი რამ უკვე მოახერხეს და შექმნეს მეთოდოლოგია, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსახლეობას ჩაუნერგონ განწყობა იმისა, რომ არაფერი ქვეყანაში 4 წლის განმავლობაში არ მომხდარა და ყველაფერი ცუდია, წარმატება არაფერი ყოფილა და ყველაფერი ცუდია. დარჩენილია ბოლო აკორდი.
“ნაციონალებმა” უნდა დაამტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბებულია და მოიგო არა „ოცნებამ“, არამედ მოიგეს მათ. ამის გაკეთება შეუძლიათ ძალიან მარტივად. ეს მეთოდოლოგიებიც დამუშავებული აქვთ სიების მეშვეობით. იმ რაიონში, სადაც მე ვიყრი კენჭს, ყველა უბანზე იმდენი მიცვალებულია სიებში შეტანილი, ისეა არეული სიები, რომ ეჭვი არ მეპარება, ეს გარკვეულ მეთოდოლოგიაში ზის და ეს დღეს არ მომხდარა. ეს “ნაციონალების” ინტერესშია. ე . ი რაღაც სიტემა მუშაობს, რომელიც კარგად იციან “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ხელმძღვანელებმა და ამ სისტემას არჩევნების დღეს აამუშავებენ. ნახავთ თქვენ, ეგზიტპოლების მეშვეობით როგორ მოხდება საზოგადოების ცნობიერებაზე მანიპულირება. დაიწყება დღის 12 საათიდან, გამოცხადდება ეგზიტპოლები, რომელთა მიხედვითაც, ვთქვათ, იგებს “ნაციონალური მოძრაობა”. მთელი დღის განმავლობაში ეს იქნება საზოგადოების ცნობიერებაში და უცებ 8 საათზე რომ გაირკვევა, მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, რა ამბავი მოჰყვება ამას, ალბათ, წარმოგიდგენიათ. გამოვლენ ქუჩაში და იყვირებენ, გაგვიყალბეს არჩევნებიო და მერე მოხდება, რაც მოხდება. მეთოდოლოგია არსებობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დაბლოკვა და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებამ ეს უნდა იცოდეს. მათ შტაბში გამოცდილი ადამიანები უსხედან“,-აცხადებს მამუკა არეშიძე.
ექსპერტი ირწმუნება, რომ ქვეყანაში სიტუაცია არჩევნების დღესაც და არჩევნების შემდეგაც აირევა.
„პერმანენტული პროცესი იქნება და რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს,მით უფრო დაიძაბება მდგომარეობა. ყველანაირად მოერიდებიან არჩევნებამდე სამოქალაქო დაპირისპირებას, რათა არ დაბრალდეთ რამე ღიად, შექმნიან ილუზიას, რომ არჩევნები ტარდება ნორმალურ გარემოში და საბოლოო ჯამში, ხელისუფლებამ გააყალბა. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას 200 ათასი ბიულეტენი აქვს დაბეჭდილი იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბოს. სად არის ეს 200 ათასი ბიულეტენი, ვინ ნახა, ვინ დაბეჭდა, ამის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ ინფორმაციას “ნაციონალები” ავრცელებენ.ამაზე კარგა ხანია მუშაობენ “ნაციონალები” და ამას მე ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდით“,-აღნიშნავს „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მამუკა არეშიძე.
“ნაციონალები” მუშაობენ იმაზე, რომ “ოცნებას“ არჩევნების გაყალბება დაბრალდეს
2016/10/06 11:51:27
კომენტარები
ნანახია: 1486 ჯერ