უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ბათიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ აფეთქების შესახებ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრები საქმის კურსში არ იყვნენ და ეს აფეთქება დაკავშირებული იყოს უფრო ვიწრო წრესთან, რომელიც სააკაშვილთან ერთად დესტაბილიზაციის გეგმაზე დიდი ხანია მუშაობს.
„ის ძალა, რომელმაც დაგეგმა ეს აფეთქება და განახორციელა, თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ცხადია, არანაირი ავანტიურისტული გეგმებიდან უკან არ დაიხევს. ამ ყველაფერზე შესაბამის სამსახურებს მართებთ ყურადღების გამახვილება არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც. მე არ ვგულისხმობ ამ ძალაში „ნაციონალურ მოძრაობას” ზოგადად. შეიძლება ამ აფეთქების საქმის კურსში არც გიგი წერეთელი, არც ნუგზარ წიკლაური და არც „ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრები არ ყოფილან. საქმის კურსში შეიძლება ყოფილიყო ძალიან ვიწრო წრე, რომელიც დაკავშირებულია სააკაშვილთან და რომლებიც უკვე დიდი ხანია მუშაობენ საქართველოში დესტაბილიზაციის აგორების გეგმაზე. ეს აფეთქება დიდი ხანია იგეგმებოდა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, რომლიც ხელს შეუწყობს ასეთ პროცესს და შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის” 90 პროცენტმა არც იცოდეს და ცხადია, ვერც ეცოდინებათ, იმიტომ, რომ ეს არის უაღრესად კონსპირირებული და გასაიდუმლოებული”, – განაცხადაირაკლი ბათიაშვილმა.