ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც დავით გარეჯს ეხება. შესაბამისი პოსტი ექსპერტმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
მისი აზრით, ინტერვიუ, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სიუჯეტში გამოიყენეს საკმაოდ საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სააკაშვილი უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში და სასაზღვრო ტერიტორიების გასხვისების პასუხისმგებლობა მასზე უფრო მეტად მოდის, ვიდრე კომისიის წევრებზე, რომლებიც, როგორც ფარული ჩანაწერებიდანაც ჩანს „ზემოდან“ მიღებულ დავალებებს ასრულებდნენ.
„ამ ინტერვიუში სააკაშვილი აღიარებს, რომ სწორედ ის მოურიგდა აზერბაიჯანულ მხარეს უდაბნოს მთის თხემზე არსებულ სტრატეგიული სიმაღლის გადაცემის თაობაზე, რომელიც მისივე სიტყვებით აზერბაიჯანს „ძალიან სჭირდებოდა.“ შედეგი დადგა ის, რომ ამ თხემის გადაღმა მდებარე ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნოს ტერიტორიაზე განთავსებული სამონასტრო კომპლექსი აზერბაიჯანული მხარის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სწორედ 2007 წლიდან, ანუ ამ „მორიგების,“ თუ რაც შეიძლება ვუწოდოთ, შემდეგ, დავით გარეჯთან მანამდე არსებული „სტატუს-ქვო“ იცვლება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იკავებენ ამ „სტრატეგიულ სიმაღლეს“ და ქართველ სასულირო პირებს უკვე ეკრძალებათ სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონაკვეთზე გადაადგილება.
საბედნიეროდ, ამ ჩვენთვის საზიანო „მორიგების“ ფორმალიზაცია ვერ მოესწრო და გვრჩება შესაძლებლობა გავაგრძელოთ მოლაპარაკებები უკვე მოპოვებული ახალი დოკუმენტების საფუძველზე.
1938 რუკის თანახმად საზღვარი უნდა გავლებულიყო არა თხემზე, არამედ თხემის ძირში, რაც საქართველოს ფარგლებში აქცევდა უდაბნოს ტერიტორიას და მასზე განთავსებული სამონასტრო კომპლექსს“,- წერს ექსპერტი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“.
