სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. დღეს გენერალურ პროკურატურაში დიმიტრი ლორთქიფანიძეს ელოდებიან. პარლამენტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ კონკრეტულ ინფორმაციას ფლობს, მათ შორის, მიწათმოქმედების სახელმწიფო კვლევით საპროექტო ინსტიტუტში დაცულ რუკებზე.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, 2005 წელს მიწათმოქმედების საპროექტო კვლევითი ინსტიტუტი დაიხურა და მისი თანამშრომლები სამსახურიდან გაუშვეს, 2007 წელს კი თავდაცვის მაშინდელი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დაინტერესდა, თუ სად ინახებოდა დავით გარეჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და ის რუკები, რომლის გამოუყენებლობასაც ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავებიან.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიციის მქონე თანამშრომელი, ბატონი ზურაბ ბოჭორიშვილი, რომელიც, ასევე იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან და რომელიც იკავებდა პროექტის მთავარი ინჟინრის პოზიციას, გამოიძახეს თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტროში, სპეციალურ ოპერატიულ თათბირზე, მას უშუალოდ მიმართა ბატონმა კეზერაშვილმა, ის ატარებდა მაშინ ამ თათბირს და ინტერესის საგანი იყო 1938 წელს გამოცემული რუკის ორიგინალის საცავის შესაძლო ადგილმდებარეობა იცოდა თუ არა ვინმემ.
იქ არ იყო მხოლოდ ზურაბ ბოჭორიშვილი, იქ იყვნენ კოლეგა კარტოგრაფები, ტოპოგრაფები, გეოდეზისტები, ადამიანები, რომლებსაც მიწის მოწყობის სისტემასთან დაკავშირებით ჰქონდათ გარკვეული შემხებლობა სხვადასხვა სამსახურებში, იყვნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სხვადსხვა უწყების წარმომადგენლები. ბატონმა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მან იცოდა ასეთი რუკების დაცვის ადგილსამყოფელის შესახებ ანტონივსკაიას 5 ნომერში მდებარე მიწათმოქმედების საპროექტო ინსტიტუტში. ეს იყო პირველ სართულზე დაცული, სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული. საიდუმლო ნაწილი იცავდა მას, ეს არის საიდუმლო რეჟიმში მოქცეული ტოპოგრაფიული მასალა. ამის მერე მოხდა ის, რომ თავდაცვის მინისტრმა გააგზავნა 3 მაღალჩინოსანი პოლკოვნიკი, მათ აღწერეს ეს დოკუმენტაცია და რამდენიმე დღეში იქიდან სატვირთო მანქანებით იქნა გაზიდული,”– განაცხადა ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.