მთის კურორტებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სტაბილური დინამიკის შემთხვევაში, სხვა შეზღუდვების მოხსნაც განიხილება.
„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პანდემია მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული. შესაბამისად, შეზღუდვები ჯერ კიდევ საჭიროა და ამ ეტაპზე ზამთრის კურორტებთან მიმართებაში, ვერ შემსუბუქდება. რაც შეეხება, კერძო ბინებში დამსვენებლის ჩასვლას, კერძო მესაკუთრეს ვერ ავუკრძალავთ საკუთარ ბინაში ჩასვლას და დასვენებას.
სხვა ქვეყნების პრაქტიკას უნდა გადაავლოთ თვალი და ნახავთ, რომ ასევე პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზამთრის კურორტები არც ამ სეზონზე არ ფუნქციონირებენ და ნახავთ იმასაც, რომ შეზღუდვები კი არ მსუბუქდება ზამთრის კურორტებზე, არამედ პირიქით, ხანგრძლივდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ზამთრის კურორტები ნამდვილად წარმოადგენს მათი ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილსაც“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება ფიტნესდარბაზებს, მაია ცქიტიშვილის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვების შემსუბუქების პაკეტი დაანონსდა, რომელიც დროზე ადრე განხორციელდება.
„ვინაიდან ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ ამის საშუალება მოგვცა. გახსოვთ, ვთქვით, როცა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდებოდა, შემდეგი ნაბიჯების გადადგმას შევძლებდით. სწორედ, აქედან გამომდინარეა მიღებული დღეს ეს გადაწყვეტილებები. დაველოდოთ კიდევ გარკვეულ პერიოდს, ვნახავთ ერთი კვირის განმავლობაში, დავაკვირდებით დადებითობის მაჩვენებელს, თუ გვექნება სტაბილური დინამიკა, ან გაუმჯობესების დინამიკა, შემდეგში ვიფიქრებთ, თუ რომელი შეზღუდვა შეგვიძლია შევამსუბუქოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.