ველოდები, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი, რომელსაც აქვს საეკლესიო სასამართლოს ფუნქციები მითვისებული დებულების თანახმად, შეასრულებს თავის ფუნქციას და სხდომის პირველი დღე დაეთმობა რეგლამენტის შედგენას და ამ დღის წესრიგში აუცილებლად შევა ჩემი უკანონოდ დასჯის საკითხი, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.
ამასთან, მას მოლოდინი აქვს, რომ საეკლესიო კანონის თანახმად, მიეცემა უფლება წაყენებული ბრალდების დამტკიცებისა და ეკლესია დაუბრუნდება კანონიკური სამართლის ნორმებს.
„პატრიარქმა დაარღვია და გავიდა კანონიკური სამართლის ჩარჩოებიდან. ადრე იყო მეფე გარანტი რჯულის კანონისა. მე ეს კითხვა დავსვი, ვინ არის დღეს გარანტი სჯულის კანონისა და პასუხი დღემდე არ მიმიღია. რადგან თვითონ არის სჯულის კანონის დამრღვევი და უკანონოდ მოქმედი პოლიტარქი. ამიტომ უნდა იყოს გარანტი, რომ სჯულის კანონი აღსრულდება და წმინდა სინოდი უნდა დაუბრუნდეს კანონიკური სამართლის ჩარჩოებს“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ის უკანონოდ დასაჯეს და პატრიარქს არ ჰქონდა უფლება ბრძანება გამოეცხადებინა.
„პირველი გაფრთხილება მქონდა მოცემული და რამე რომ დამეშავებინა, გასული წლის ოქტომბრამდე და ერთადერთი რაც იყო ბრალდება, რომ ვთანამშრომლობდი ღია სივრცეში მედიასთან და ვამტკიცებ, რომ ესაა ერთადერთი იარაღი, რომ ერმა მაინც გაიგოს სიმართლე, ვინაიდან ეკლესიის შიგნით და პატრიარქის გარემოცვაში ადამიანებს თვალები და ყურები აქვთ დახშული, დაყრუებულნი და დაბრმავებულნი არიან სიმართლისა და ქრისტიანული სწავლების მიმართ, ამიტომ ერმა უნდა იცოდეს, რა პრობლემებია დღეს დედა ეკლესიაში“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.
მისი თქმით, თუ ის საეკლესიო სასამართლომ განსაჯა, მაშინ სინოდის შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა მიეღო ბრალდებები ან ვინმე უნდა მისულიყო საპატრიარქოდან და ეცნობებინა, რომ ამ ბრალდებებით უნდა გამართულიყო სამსჯავრო. „31 ოქტომბრამდე, წინა დღეს მაცნობეს, რომ სინოდი იკრიბებოდა. იგივე პრობლემაა დღესაც, როცა მღვდელმთავრები გამოდიან და აცხადებენ, რომ არ იციან, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.