2013 წელს იმ დროინდელმა მერმა და ქალაქის მენეჯმენტმა გასცა სპეციალური ნებართვა ვაკის პარკის ტერიტრიაზე სასტუმროს განთავსების შესახებ. სწორედ აქედან იწყება პრობლემები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასტუმროს პროექტის ინვესტორთან დღეს კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, თუმცა შეთანხმება მხარეებს შორის ამ დრომდე ვერ შედგა.
„ის რომ 2013 წელს გამონაკლისის წესითაა გაცემული სასტუმროს მშენებლობის ნებართვა, დღეს ეს მიწის ნაკვეთი 20 მილიონ ლარადაა შეფასებული და მუნიციპალიტეტს უჭირს ამ კომპენსაციის გადახდა ფინანსურად ან მიწის მონაცვლეობის მხრივ, ამას ვადასტურებ და ფაქტია, რომ კომპანიასთან დღემდე არაა შეთანხმება მიღწეული. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი პოზიცია ყალიბდება იქიდან, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე ჩვენ სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს“, – აღნიშნა ხმალაძემ.
ამასთან, ვიცე-მერი აცხადებს, რომ მერიის მთავარი მოვალეობაა კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსება.
„პირველ რიგში ჩვენ რა თქმა უნდა დავიცავთ საჯარო ინტერესს და ყველანაირად ვეცდებით, რომ ინვესტორს მოველაპარაკოთ ადგილმონაცვეობაზე“, – განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, სასტუმროს ინვესტორი კომპანია იმიტომ არ თანხმდება მიწის ადგილმონაცვლეობაზე, რომ ადრე თუ გვიან მშენებლობაზე ნებართვის მიღების იმედი აქვთ.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დავუშვებთ. რა დროც არ უნდა დაგვჭირდეს, მოვახდენთ მიწის მონაცვლეობას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ვაკის პარკში არ მივიღოთ 30 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა“, – აღნიშნა ხმალაძემ.