ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი თბილისის მერიას კერძო კომპანიისგან საპრივატიზაციოდ, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გადაეცა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრივატიზაციის პირობა 18 მილიონ 400 ათასი ლარის დაფინანსების განხორციელებაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე კი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ იგეგმება.
„ნინოშვილის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი კომპანია „ცენტრ პოინტს“ ეკუთვნოდა, რომელსაც ოდესღაც, პირდაპირი წესით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ეს ქონება ერთ ლარად გადაეცა, იმისთვის, რომ საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინათ. როგორც მოგეხსენებათ, „ცენტრ პოინტი“ არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი დაზარალებული ჰყავს. საუბარია 6 000-ზე მეტ ოჯახზე, რაც სერიოზული პრობლემაა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში, თავიანთ საცხოვრებელ სახლებს ელოდებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრივატიზაცია მიწის ნაკვეთის რეკრეაციული სტატუსით განხორციელებულიყო.
„კონკრეტული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს კომპანიისგან საკუთრებაში გადაეცა, რათა „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, მისი პრივატიზაცია მომხდარიყო. თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პრივატიზაცია განხორციელებულიყო მიწის ნაკვეთის რეკრეაციული სტატუსით, რაც სამშენებლო სამუშაოებს გამორიცხავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება. მიწის ნაკვეთს აქვს რეკრეაციული ზონის სტატუსი და მისი განვითარება ამავე სტატუსის ფარგლებში მოხდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, პრივატიზაცია „სითი ლოფტზე“ განხორციელდა, რომელიც „აჭარა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა.
„გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ქონების პრივატიზაცია ერთ ლარად მოხდა. პრივატიზაციის პირობა „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, 18 მილიონ 400 ათასი ლარის დაფინანსების განხორციელებაა. როგორც იცით, თბილისის მერიას დაწყებული აქვს კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ბინებით ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა- ნაგებობაში ცხოვრობენ, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიამ მათ ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა.
„ამ პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დევნილის სტატუსის მქონეს წარმოადგენს, რომლის წინაშე სახელმწიფომ ვალდებულება შეასრულა და საცხოვრებელი ფართები გადასცა, თუმცა ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვქონდა და ქირით უზრუნველყოფას მოვახდენთ. ღია ცის ქვეშ არავის დაგვტოვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ის სპორტსმენები კი, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში ვარჯიშობდნენ, ვარჯიშის გაგრძელებას ნორმალურ პირობებში შეძლებენ, რადგან მუნიციპალიტეტი მათაც დაეხმარება.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორი რამ: პირველი – მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოხდა რეკრეაციული სტატუსით და მასზე მშენებლობა არ განხორციელდება. მეორე – საპრივატიზაციო პირობაა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად დაფინანსების – 18 მლნ 400 ათასი ლარის გამოყოფა შემძენის მიერ. ასეთია პირობები და არა ისე, როგორც ზოგიერთი მედიასაშუალება, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით აშუქებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.