თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად გიორგი შაქარაშვილის წყაროს გახსნას დაესწრო.
დღეიდან ვაზისუბანში ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელობის წყარო იფუნქციონირებს. მას დღეს 20 წელი შეუსრულდებოდა.
წყარო გიორგი შაქარაშვილის მეგობრების ინიციატივით და დედაქალაქის საკრებულოს ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ლევან დავითაშვილის მხარდაჭერით აშენდა.
“დღეს გიორგის დაბადების დღეა. გადავწყვიტეთ, მისი ხსოვნის პატივსაცემად უბანში, სადაც გიორგი შაქარაშვილი დაიბადა და გაიზარდა, მისი სახელობის წყარო აგვეგო.
გიორგი შაქარაშვილის, ისევე, როგორც ნებისმიერი ახალგაზრდის გარდაცვალება არა მხოლოდ უბნის ან დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა და ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ აღარასროს განმეორდეს” – განაცხადა დავითაშვილმა.
წყაროს გახსნას ლევან დავითაშვილთან ერთად ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი ხვიჩა ჩალაბაშვილი, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები და თანატოლები დაესწრნენ.