სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. პატრიარქის სამძიმრის წერილი საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თამაზ გამყრელიძე საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, თითქოს სულიერ სამყაროს დაუახლოვდა და მიწიერი ნაკლებად აინტერესებდა.
„91 წლის ასაკში ბატონი თამაზი მარადიული ცხოვრების გზას შეუდგა. იგი იყო მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, სხვადასსხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიების საპატიო წევრი, საზოგადო მოღვაწე და მრავალი ფრიად საპატიო რეგალიის მქონე პიროვნება, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ გახდა მაზიარებელი მორწმუნე.
წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, თითქოს სულიერ სამყაროს დაუახლოვდა და მიწიერი ნაკლებად აინტერესებდა; დღეს კი საბოლოოდ ვემშვიდობებით.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი თამაზის უკვდავი სული, ხოლო მის მეუღლეს და შვილებს, ოჯახის ახლობლებს მოგმადლოთ მშვიდობა და მოგცეთ ძალა ლოცვისა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.