საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
“დღეს საქართველო ირჩევს ახალ პარლამენტს უპრეცედენტოდ მშვიდ, ღია, სამართლიან და პლურალისტულ გარემოში. დემოკრატია ჩვენი არჩევანია”, – წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში.
ამასთან, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხმა მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ევროპულ საქართველოს მისცა.
„პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დღეს ყველას ამაღლებული განწყობა გვაქვს, რადგან დღეს თითოეული ჩვენი ხმით ვადასტურებთ მზაობას, რომ ავირჩიოთ ჩვენი მომავალი. ჩვენ რა თქმა უნდა ვხედავთ დიდ აქტიურობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა და თითოეული მოქალაქის ხმა არის გადამწყვეტი. მე ვიმყოფები ჩემს ოჯახთან ერთად, ჩვენ ხმა მივეცით მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ევროპულ საქართველოს “– განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.