მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი “კვირასთან“ მარნეულის, 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ვრცლად საუბრობს.
ნავერიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ახმედ იმამკულიევს და პარტიის წევრებს არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს,იმამკულიევის დავალებით, ახალგაზრდები უბანზე შეიჭრნენ, ჩაამსხვრიეს მინები და პოლიციელს სცემეს. მისი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს პაატა ბურჭულაძის კანდიდატის ისრაფიბაირამოვის მხარდამჭერები შეუერთდნენ და მოგვიანებით, ყველაფერი თავის თავზე აიღეს.
„სოფელი ყიზილაჯლოს 48-ე უბანი იყო ერთ-ერთი უბანი, სადაც იცოდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს აგებდა. ამიტომ, მათი კანდიდატი ახმედ იმამკულიევი და მისი მომხრეები ცდილობდნენ არჩევნების ჩაშლას. მან ახალგაზრდები შეკრიბა მარნეულის ერთ-ერთი „სარვანის“ უბნიდან, რომლებიც შეიჭრნენ უბანზე, ჩაამსხვრიეს მინები, სცემეს პოლიციელები და პოლიციის უფროსს, რამინ ისმაილოვს ქვით ყბა მოსტეხეს“.
„კვირა“: ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ დადიოდით უბნებზე და გარკვეულ მითითებებს იძლეოდით…
თამაზ ნავერიანი: ეს ყველაფერი ტყუილია, რასაც ავრცელებენ. ახმედ იმამკულიევმა თვითონ დაიწყო ყველაფერი, უბანზე დადიოდა შეგნებულად. 5-6-ჯერ იყო დღეს ერთ უბანზე მისული, ძირითადად იმ უბნებზე დადიოდა, სადაც იცოდა, რომ აგებდა. ავრცელებენ სრულ სიცრუეს. აგებენ უბნებს და მერე ამ ფორმით შლიან, მიდიან უბნებზე და მის ბლოკირებას ახდენენ. ჩვენს ამომრჩევლებს არ აძლევდნენ საშუალებას, უბანზე მისულიყვნენ და არჩევნები ჩაეტარებინათ. უკრძალავდნენ თავისუფალ არჩევანს. ამას აკეთებდნენ მისი მომხრეები.
„კვირა:“ სამართალდამცველები არ იყვნენ ადგილზე, ასე თავისუფლად რომ მოქმედებდნენ?
თამაზ ნავერიანი: რა თქმა უნდა, იყვნენ და და ცდილობდნენ წესრიგის დამყარებას, რამაც გამოიწვია ეს ყველფერი. განმუხტვა რომ დაიწყეს, ამან გამოწვია ეს ამბები. ყველაფერი გამოიყენეს – ჯოხებიც, ქვებიც.
„კვირა“: ვრცელდება ინფორმაცია საარჩევნო ყუთის გატაცება-დაბრუნებაზე…
თამაზ ნავერიანი: ჩვენი მხარდამჭერები და კომისიის სხვა წევრები იცავდნენ ყუთს. ყუთის გატაცება უნდოდათ და ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამან გამოიწვია ქვების სროლა და ჯოხების გამოყენება. 49-ე უბანზეც სცადეს არჩევნების ჩაშლა. ისინი მარტო არ მოქმედებდნენ. მათ შეუერთდა პაატა ბურჭულაძის კანდიდატის ისრაფი ბაირამოვის მომხრეებიც და თავად ბაირამოვიც. მოგვიანებით ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო ბაირამოვმა და თქვა, რომ მისი მომხრეები იყვნენ, არადა, ორივენი ერთად მოქმედებდნენ. ისინი უბნებზე მორიგეობით მიდიოდნენ. ახლა უბნები დაიხურა და მათი მომხრეები მარნეულში ცენტრალური ოლქისკენ მიდიან. „კვირა:“ შეიძლება მომხდარის გამო 48-ე უბანზე არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდეს? თამაზ ნავერიანი:რატომ უნდა ჩაიშალოს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა უბანი მოგებული მაქვს.
„კვირა”