მარნეულში მომხდარი მძიმე პროვოკაციის ავტორებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სცადეს საარჩევნო პროცესის ჩაშლა, რა დროსაც ისინი ფიზიკურად დაპირისპირდნენ ჩვენ აქტივისტებს და პოლიციის თანამშრომლებს. ინციდენტის შედეგად დაშავდა მარნეულის პოლიციის უფროსი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი. ჩვენ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს ვაფრთხილებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებოდა არჩევნების დღეს ამგვარი პროვოკაციის მოწყობას, რათა ტელევიზიით წარმოეჩინა ხელოვნურად პროვოცირებული ძალადობრივი სცენები და ამით ჩრდილი მიეყენებინა საარჩევნო პროცესისთვის. არჩევნების უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიუხედავად, გუშინ საეთერო დროის დიდი ნაწილი სამწუხროდ, დაეთმო მარნეულის ინციდენტის გაშუქებას, რაც იყო კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი. ამ მძიმე პროვოკაციის ავტორებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გარდა მარნეულისა, ინციდენტები დაფიქსირდა ქუთაისსა და ჯიხაშკარში, რაზეც სამართალდამცველმა ორგანოებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უსუსური მცდელობა განახორციელოს თავის გეგმა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ და სურს ხელოვნურად მოახდინოს დესტაბილიზაციის პროვოცირება. დღეს გამოქვეყნდება არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგები და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც დაადასტურებს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს და რომლებიც სათანადოდ შეაფასებს იმ მშვიდობიან და სამართლიან გარემოს, რომელშიც არჩევნები ჩატარდა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა საარჩევნო სუბიექტს, პატივი სცენ ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას.