„მკვდარი შვილი ხუთი წუთი არ მატირეს, გიჟებივით გადმოცვივდნენ, როგორ უნდა ავსულიყავი საფლავზე. ჩემი შვილის კლასელები მიგზავნიან შვილის საფლავის სურათებს და ისე ვგლოვობ“ – ამის შესახებ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა საუბრობს.
„ბაბუა ამბობს, რომ სასაფლაოზე არ ამოვიდაო. მკვდარი შვილი ხუთი წუთი არ მატირეს. გიჟებივით გადმოცვივდნენ, როგორ უნდა ავსულიყავი საფლავზე. ჩემი შვილის კლასელები მიგზავნიან შვილის საფლავის სურათებს და ისე ვგლოვობ.
მე პოლიციის ძალით ვიყავი იქ ასული, ხუთი წუთი, რომ არ დამამაშვიდობეს შვილს. ჩემი შვილი გამოიქცა გიჟივით, არ ვიცი რა უნდოდა, პოლიციამ აღარ გამაჩერა მითხრა აქ რაღაცა მოხდებაო და მითხრეს ჩქარა ჩაჯექი მანქანაშიაო“, – ამბობს გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა „მთავარ არხთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, 14 წლის გოგო ქობულეთში ბაბუამ 9 თებერვალს, საკუთარ სახლთან ახლოს ნახა გარდაცვლილი.
მომდევნო დღეს, გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ 23 წლის პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა. ესენია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, „ბრალდებულმა ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა”.
პოლიციამ ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2021 წლის 10 თებერვალს დააკავა, ამსთან მომხდარზე დაკავებულია გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუაც.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.
წყარო – “პრაიმტაიმი”