კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას, თუკი იარსებებს პოლიტიკური სურვილი, რომ ისინი წავიდნენ გაბედულ კომპრომისზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა განაცხადა.
მისი თქმით, გასულ კვირას თავად მონაწილეობდა პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში.
„მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მცდელობის ნაკლებობა არ ყოფილა. ისინი ძალისხმევას არ იშურებდნენ. მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას, თუკი იარსებებს პოლიტიკური სურვილი, რომ წავიდნენ გაბედულ კომპრომისზე. მხარს ვუჭერ ამ კრიზისის დაუყოვნებლივ მოგვარებას, რადგან ვფიქრობ, საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები, რომელზეც უნდა გადაიტანოს ყურადღება. თუმცა კარგად გვესმის, რომ ქართული საზოგადოება გაყოფილია და შეერთებული შტატების ღრმა რწმენაა, რომ პოზიციების შეჯერების ადგილი პარლამენტშია. პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ საკითხები და მიიღონ კანონმდებლობა მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რაც საქართველოს ასე ძალიან სჭირდება დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე. პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი, ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასული წლის ოქტომბერში“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, საჭიროა, არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით.
„მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი და მათმა მომხრეებმაც კარგად უნდა გაიგონ ეს. სინამდვილეში, კომპრომისი არის პოზიციების დასაახლოებლად, როგორც ამას საქართველოში ვხედავთ და ეს არის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი. არც ერთ პარტიას არ მიუღია უმრავლესობა გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში და მარტივი ფაქტია, რომ დემოკრატია ვერ იმუშავებს და ვერ გაითვალისწინებს ქართველი ხალხის ინტერესებს კომპრომისზე წასვლის სურვილის გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.