შსს-თვის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, – ასე გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ჩატარებულ აქციას, რომელიც ნარკოტიკების თემაზე გაიმართა.
მისივე თქმით, საპოლიციო დანაყოფები 24 საათის განმავლობაში ატარებენ შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, რათა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის თითოეული ფაქტი დროულად იყოს გამოვლენილი და დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ.
„მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ნარკოდანაშაულის 9 800-ზე მეტი ფაქტი იყო გამოვლენილი, რომელთა 92% უკვე გახსნილია და შესაბამისი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ. დღეის მდგომარეობით, პირველი 8 თვის განმავლობაში, ნარკოდანაშაულისთვის 6 500-ზე მეტი პირია ბრალდებული, საიდანაც 1251 პირი სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული ნარკოტიკების რეალიზაციასა და გავრცელებაში.
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში საზოგადოებას ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას თითოეული ნარკოდანაშაულის შესახებ და ვატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური იყოს“, – განაცხადა დარახველიძემ.
