გიორგი სიგუა – ამ სახელთან საქართველოში ყველაფერი ჩაშლილი და უპერსპექტივო შეიძლება ასოცირდებოდეს და ალბათ სწორადაც. ყველას გახსოვთ წლების წინ ჩატარებული კაზანტიპის ფესტივალი, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და საბოლოოდ უფრო დიდი ამბები დატრიალდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფესტივალზე დასაქმებულ ადამიანებს თუ ბიზნესის წარმომადგენლებს ფული არ გადაუხადეს, ან დაუგვიანეს და ა.შ.
ეს ის დრო იყო, როდესაც სიგუა ტურიზმის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და “ქართულ ოცნებასთანაც” თანამშრომლობდა ისე, რომ პრეტენზიაც არ ჰქონია მანამ, სანამ სკანდალის შემდეგ თანამდებობის დატოვება არ მოუწია.
ერთ მშვენიერ დღეს კი გიორგი სიგუა, არც მეტი, არც ნაკლები მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრედ და მომავალ რევოლუციონერად მოევლინა ქართულ საზოგადოებას. იყო უამრავი დაპირა, რომ ემიგრანტებთან ერთად ხან სამი ბოინგით მოფრინავდა, ხან ტალღით მოქროდა, ბოლო დაპირება კი სულ რაღაც თვეების წინ იყო, როდესაც ფეისბუქზე კვლავ გააქტიურდა, ნაციონალური მოძრაობის და კერძოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მობოლიზება მოახდინა, აპირებდა რომ შეეკრიბა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, რომლებსაც თავს თურქეთში მოუყრიდა და შემდეგ ყველა ერთად ჯერ სარფში უნდა შემოეყვანა, შემდეგ საქართველოში.
“ტელეგრამზე” გახსნა სპეციალური არხიც, სადაც გაურკვეველ მობილიზებებს ახდენდა, ხალხს ეჩხუბებოდა, დაემატეთ და აქ დავაწყოთ ჩვენი გეგმებიო. მოკლედ, რომ ვთქვათ უშვებდა ბოლს და მიამიტი მხარდამჭერებიც დიდი ენთუზიაზმით ელოდნენ იმ ტალღაში მოყოლას და საქართველოში რევოლუციით შემოსვლას, თუმცა გიორგი სიგუა ისევ გაქრა ფეისბუქიდან და უცებ თავი ამოყო სამხრეთ ამერიკაში, ყოველ შემთხვევაში თავად ასე წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ეკითხებიან, აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, რაზეც სიგუა მოკლედ პასუხობს, რომ არა. ერთს კი აანონსებს, რომ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში ჩართავს ისეთ ადამიანს, ვინც ყველას დიდი ხნის მკვდარი ჰგონია, თუმცა 5 საათზე მეტია გასული, მაგრამ არც სიგუა და არც მკვდრად გამოცხადებული ადამიანი არ ჩანს.
აღარც სააკაშვილი ახსენებს მის სახელს და აღარც სიგუა საუბრობს სააკაშვილზე. პოლიტიკურად გზააბნეული სიგუა ახლა ახალ თავგადასავლებშია გადაშვებული და სულაც აღარ ახსოვს, არც თქვენი ბიძინა, არც რევოლუცია და არც საქართველო.
www.mpn.ge