ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში ავტომობილის პირველადი რეგისტრაციის დროს არსებული პრობლემები აღმოფხვრილია, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართი გარდაცვლილ ადამიანზეა ჯერ კიდევ რეგისტრირებული და მისი მემკვიდრეები ვერ ახერხებდნენ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას.
„როგორც მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია ქალაქში დანერგილია და მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. ეს არის ფართომასშტაბიანი რეფორმა. ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ამ სერვისების მომხმარებელი, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა და პირადად მომწერეს Facebook-ზე, რომ მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ პირველად რეგისტრაციაზე და ეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ზოგ შემთხვევაში ბინის მესაკუთრე, რომელმაც სატრანსპორტო საშუალება უფასო სარგებლობის მიზნით უნდა დაარეგისტრიროს სისტემაში, არ იმყოფება საქართველოში ან იმყოფება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს სერვისცენტრში მისვლას. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილ ადამიანზეა ჯერ კიდევ რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი და მისი მემკვიდრეები ვერ ახერხებენ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას. ჩვენ ვიმუშავეთ ამ პრობლემაზე და სისტემის გადაწყობა მიმდინარეობს. ყველა ასეთ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ სისტემაში ავტომანქანის დარეგისტრირებას, შესაბამისი გამოსავალი ნაპოვნია და 7 ივნისიდან შეძლებენ დაარეგისტრირონ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, გახდნენ ამ სისტემის მომხმარებლები. აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა, ირაკლი ხმალაძეს ვთხოვო, რომ ეს ინფორმაცია განთავსდეს პარკირების ვებგვერდზე და მოქალაქეებმა იცოდნენ, კონკრეტულ შემთხვევაში რა გზით გაივლიან ისინი რეგისტრაციას“, – განაცხადა კალაძემ.