სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორები დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1993 წელს დაბადებული ს.ჰ., 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ვ., 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ვ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.თ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა ფონიჭალაში, ს.ჰ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 0,568249 გრ ჰეროინი ამოიღეს. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მიერ მოქალაქეებისთვის მიყიდული 24 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ოთხივე დაკავებულს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით).