დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტ „ვექტორის“ ხელმძღვანელის, ალეკო გეჯაძის განცხადებით, მას სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის შეცვლა მოსთხოვეს.
მისი თქმით, სააკაშვილის კონტროლი და ზეწოლა არამარტო სახელმწიფო-საბიუჯეტო სტრუქტურებზე – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროზე, ფსიქიატრიულზე, ნარკოლოგიურზე და სხვა დაწესებულებებზე ხორციელდებოდა, არამედ დამოუკიდებელი სექტორის კონტროლის მცდელობებიც იყო.
ამის შესახებ ალეკო გეჯაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩემზე ზეწოლა მაშინ მოისურვეს, როცა სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა დავწერე. ექსპერტთა კომისია იმჟამინდელ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში (ორთაჭალაში) შევედით, მოლაშვილს სისხლი ავუღეთ, გამოკვლევა ჩავუტარეთ. სხვა დაავადებებთან ერთად დავადგინეთ, რომ მას C ვირუსული ჰეპატიტიც ჰქონდა, მაგრამ ეს დიაგნოზი არც იმჟამინდელ ხელისუფლებას აწყობდა და არც პროკურატურას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არაოფიციალურად შემხვდა და თხოვნა-მინიშნებით მითხრა, რომ მოლაშვილზე დასკვნა თუ ისე არ დაიდებოდა, როგორც „ზემოთ“ აწყობდათ, პრობლემები შემექმნებოდა – კერძოდ, უნდა დამეწერა, რომ მას C ჰეპატიტი არ ჰქონდა.
ბუნებრივია, ეს დავალება ზურაბ ადეიშვილისგან ჰქონდა მიცემული, ხოლო ადეიშვილს – სააკაშვილისგან. საერთოდ, სააკაშვილის ყველა მითითებას ასრულებდა ადეიშვილი, რომელიც, თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრ ლადო ჭიპაშვილს მართავდა,“ – აცხადებს ალეკო გეჯაძე.
მისი თქმით, მოთხოვნას, რომ ექსპერტიზის დასკვნა შეეცვალათ, უარით უპასუხა.
„ვუპასუხე, ყველა დაავადება ნამდვილად აქვს და დასკვნას არ შევცვლით-მეთქი. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ეკა ტყეშელაშვილმა წერილი გამომიგზავნა – სულხან მოლაშვილს ექსპერტიზა დარღვევით ჩაუტარეთ, იქნებ მოლაშვილის სისხლი არ იყო და ისე ჩაუწერეთ C ჰეპატიტიო. თან დამემუქრა, თქვენ მიერ დასმულ დიაგნოზებს შევამოწმებთო. მივწერე: ექსპერტიზა კანონის სრული დაცვითაა ჩატარებული, სისხლი ინფექციური პათოლოგიის ცენტრშია შემოწმებული, სულხან მოლაშვილს C ვირუსული ჰეპატიტი ნამდვილად აქვს მეთქი,“ -ამბობს გეჯაძე.
ალეკო გეჯაძის განცხადებით, ტყეშელაშვილისგან მას პასუხი აღარ მიუღია, თუმცა მზად იყო, ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი დაწესებულებების სპეციალისტებთან ერთად ექსპერტიზა კიდევ ერთხელ ჩაეტარებინა.