საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ჯარისკაცები კიდევ ერთხელ მოინახულა. პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებთან ლევან იზორია მშობლეთან ერთად მივიდა.
თავდაცვის მინისტრმა კლინიკების მთავარი და მორიგე ექიმებისგან დაშავებული ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„ექიმების ინფორმაციით მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მთლიანობაში სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესდა, დინამიკა დადებითია და ახლო მომავალში ისინი გამოჯანმრთელდებიან“ – განაცხადა ლევან იზორიამ.
მიმდინარე დროისთვის, პროფესორ გიორგი ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო- ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის ოთხი სამხედრო მოსამსახურე გადის. სამი სამხედრო კი შპს „ტრავმატოლოგში“ მკურნალობას. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ერთი სამხედრო მოსამსახურე შპს „ტრავმატოლოგიიდან“ გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც საბოლოო გამოჯანმრთელებამდე გააგრძელებს მკურნალობას.
28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. დაშავებული სამხედროები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში წუხელ გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.
სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფმა და თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდართან დაკავშირებით საქმე უკვე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.