ღვთისმშობლის მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენით და სიყვარულით შეხვდება ღვთისმშობელს, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებულ აწყურის ღვთისმშობლის ხატს უწმინდესი სამების ტაძრის შესასვლელთან შეხვდა. სასულიერო პირებმა ხატი ტაძარში შეაბრძანეს და მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე, შუა ტაძარში დააბრძანეს. ტაძარში შეკრებილებს უწმინდესმა ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლის დიდ წყალობაზე ისაუბრა.
„ყოვლადმინდა ღვთისმშობელმა გაშალა თავისი ამფორი და მფარველობს საქართველოს. მისი მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენით და სიყვარულით შეხვდება და თაყვანს სცემს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვიწყალე და გვაცხოვნე ჩვენ“, – განაცხადა ქადაგებისას უწმინდესმა.