საჯარო ადმინისტრირება არის ყველა სექტორში მოსახლეობის ინტერესების მომსახურების ინსტრუმენტი, მისი კარგი მუშაობა არის ნამდვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა საქართველოსთვის 30 მილიონი დახმარების გამოყოფის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სფერო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის გაძლიერების თვალსაზრისითაც.
„საქართველოს ეროვნული რეფორმების სტრატეგია, რომელიც 2015 წელს დამტკიცდა, ეფუძნება საჯარო ადმინისტრირების ევროპულ პრინციპებს. ევროკავშირი ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობისთვის არის მაგალითი და ამავე დროს მისი ძალისხმევის მხარდამჭერი. საჯარო ადმინისტრირების რეფორმა არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, ევროკავშირისა და საქარველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ეს რეფორმა არის ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეჭვგარეშეა, ჩვენ ვაღიარებთ საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მნიშვნელობას, რომელზეც მიმართულია ევროკავშირის ფინანსური დახმარების 25 პროცენტი. რეფორმების მხარდაჭერის ფარგლებში დღეს გამოვაცხადეთ 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. ევროკავშირის კონტრიბუცია არის როგორც ფინანსური – ბიუჯეტის მხარდაჭერის გზით, ასევე ტექნიკური, ექსპერტების მობილიზების, ადმინისტრაციული პოტენციალის გაძლიერების გზით“,-აღნიშნა ჰერმანმა.
მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრირებას ენიჭება წამყვანი როლი პროგრამის ფარგლებში, ამ პროგრამით სარგებელს მიიღებს რამდენიმე სამინისტრო და ინსტიტუტი.
„პროგრამა, ასევე ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. ველოდებით, რომ საჯარო ადმინისტრირების რეფორმა გამოიღებს შედეგებს, მათ შორის პოლიტიკის დაგეგმვის ხარისხის გაუმჯობესების, მოქალაქეების მომსახურების განვითარების, კორუფციის აღმოფხვრის, გამჭვირვალობის დონისა და საჯარო მომსახურების ხარისხის გაზრდის მხრივ. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ამ რეფორმის შედეგების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებას. მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტურია ამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობის გაძლიერება. მსურს ასევე აღვნიშნო, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა კომპლექსური, გრძელვადიანი რეფორმების წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია“,- განაცხადა ჰერმანმა.
ევროკავშირის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს.
„ნება მიბოძეთ, გადაგიხადოთ პირადად მადლობა ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი თქვენი განსაკუთრებული ყურადღებისთვის. მსურს, ასევე, გამოვიყენო შესაძლებლობა და შევაქო ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ხარისხი. ამ პროგრამის მზადების მთელი პროცესი ასახავდა ჩვენს შორის პარტნიორობის მაღალ დონეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამის განხორციელების მთელი პროცესი ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ უახლოესი წლები დღეს წარმოდგენილი პროგრამის მიზნების მისაღწევად“,-აღნიშნა ჰერმანმა.