„ ქართული ოცნების“ განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენში „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასწარ განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებისგან არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენში „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასწარ განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ითხოვს. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გარდა, დღეს განცხადება გაავრცელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს მიცემული აქვთ მითითება, რომ ხვალ კენჭისყრის უბანში მისვლისას და მათ მიერ არჩევანის გაკეთებისას ბიულეტენში არჩევანი განსხვავებული ფორმით დააფიქსირონ. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით და პარალელურად განახორციელონ მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფოტო გადაღება.