შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული რ. ა. და 1989 წელს დაბადებული გ. მ. აფეთქების და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს და 4 ოქტომბერს, წარსულში არსებული ფინანსური დავის ნიადაგზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები თანასოფლელების – მ.ნ.-ის და ი.მ.-ის საცხოვრებელი სახლების ეზოებში ხელყუმბარები ააფეთქეს, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები.
პოლიციამ ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხში დააკავა.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები მომხდარ დანაშაულებში შესაძლო მონაწილე პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და აფეთქებას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
