საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ის არგუმენტები დაასახელა, რატომ უნდა აღდგეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო გაწვევა.
როგორც ლევან იზორია განაცხადა, წვევამდელების საკითხი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.
“ჩართულები იყვნენ ინტენსიურად ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორები, ჩართულები იყვნენ ბუნებრივია ჩვენი ოფიცრებიც და ამ ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად, მათ შორის ხაზგასმით მინდა ვთქვა – საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად, მივიღე გადაწყვეტილება რომ წვევამდელების სისტემა, რომელიც იყო შეჩერებული უწყებაში, დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა, რომ საერთოდ არ იყო გაუქმებული, სხვა უწყებებში ხდებოდა გაწვევა. თავდაცვის სამინისტრო კვლავ დაიწყებს წვევამდელების მიღებას და რატომ? – პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი არგუმენტი გახლავთ ის, რომ ისეთმა პატარა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, თითქმის ყველამ, რომელმაც თავის დროზე შეაჩერა წვევამდელების სისტემა, კვლავ აღადგინა ეს სისტემა”, – განაცხადა იზორიამ.
მისი თქმით, ქვეყნებში, სადაც წვევამდელთა გაწვევის სისტემა იყო გაუქმებული, მიდის აქტიური დისკუსია, რომ ეს სისტემა იყოს შემოღებული.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნულ თავდაცვაზე და ტოტალურ თავდაცვაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ჯარის საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი და ამის საზომი გახლავთ, თუ რამდენად არის ის დაკომპლექტებული. ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, შესაბამისად საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის წვევამდელების სისტემა აუცილებელია”, – განაცხადა იზორიამ.
მისი თქმით, წვევამდელთა სისტემა გაცილებით იაფია, ვიდრე საკონტრაქტო სისტემა.
“საკონტრაქტო თითქმის ორჯერ და მეტჯერ აღემატება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ძველ სისტემას დავუბრუნდეთ, ჩვენ გარკვეული ნოვაციებით წარვსდექით საზოგადოების წინაშე. მნიშვნელოვანი ნოვაცია გახლავთ ის, რომ წვევამდელი მიიღებს ისეთი საბაზისო მომზადების კურსებს, როგორიც საკონტრაქტო მოსამსახურე. მას ექნება განცდა, რომ ის არის სრულფასოვანი ჯარისკაცი და მისი ინდვიდუალური მომზადების დონე მოგვცემს სწორედ ზოგადად ჩვენი საბრძოლო დანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის კარგ ხარისხს და კიდევ, ჩვენ ასევე ვთავაზობთ მას უქმე დღეებს დასვენებისთვის. დღეს მხოლოდ ორჯერ ისვენებენ წელიწადში ისიც უქმე დღეებზე ანუ ძალიან შეზღუდულია. ჩვენ რამდენჯერმე გავზრდით სახელფასო უზრუნველყოფასაც. ბუნებრივია, ეს მათ მეტ მოტივაციას მისცემს. ასევე მათ ავტომატურად სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გააგრძელონ საკონტრაქტო სამსახური ჩვენს დანაყოფებში”, – განაცხადა იზორიამ.