„აბა მითხარით, დავით, ვინ ნატრობს სააკაშვილის სიკვდილს?“ – ასე მიმართავს ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე მწერალ დავით ტურაშვილს.
მიმართვას ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„მინდა, მივმართო „ქართული ოცნების” მომხრეებსო, – უთქვამს დათო ტურაშვილს.
არ მომისმენია. ახლა წავიკითხე.
და მინდა, მივმართო დათო ტურაშვილს:
აბა მითხარით, დავით, ვინ ნატრობს სააკაშვილის სიკვდილს?
მაჩვენეთ ან გამახსენეთ პატიმარი, რომლისთვისაც ასეთი პირობები შეუქმნიათ.
ერთადერთი, ვინც ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილი ისურვა, ეს გიორგი გაბუნია იყო და, ვეჭვობ, ნახევარი სანაცეთის ნატვრა გაამხილა.
ვის ექცევიან სასტიკად? – ნაციონალურ მოძრაობას?! ბარამიძეს?! უგულავას?! კირკიტაძეს?! სირცხვილია!
სასტიკად ვისაც მოექცნენ, ჩემზე უკეთ მოგეხსენება.
და სად იყავი მაშინ, როცა საქართველოს პირველ პრეზიდენტს ტყვიებს ესროდნენ?!
სად იყავი მაშინ, როცა სარიშვილი შევარდნაძეს ამუნათებდა, ზვიად გამსახურდია ცოცხალი რატომ გაუშვიო?!
თუნდაც ამას გკითხავ: სად იყავი მაშინ, როცა შენი „დემოკრატი” კოლეგები, ოთხი ტელეარხით, სრულიად უსაფუძვლოდ მლანძღავდნენ და ოდეერს მიწოდებდნენ?!
გჯეროდა ჩემი ოდეერობა?!
რაც უფრო სასტიკად მოექცევით, მით უფრო გაძლიერდებიან და დაბრუნდებიანო?! ამას თუნდაც თეორიულად უშვებ?!
ნუთუ გულის სიღრმეში ამაზე ფიქრობ?!
ნუთუ „ტვ პირველით” შენი გამოსვლა ამ ფიქრითაა ნაკარნახევი?!
მაშინ ამ კითხვაზე მიპასუხე: თვითონ რას აკეთებ ახლა – მათს დაბრუნებას (ეს ღმერთმა ნუ ქნას!) ხელს უწყობ თუ უშლი?!“- წერს იოსებ ჭუმბურიძე.
ცნობისათვის, განცხადება, რომელსაც ჟურნალისტი ეხმაურება, დათო ტურაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
„მინდა მივმართო ქართული ოცნების მომხრეებს – გატყუებენ თქვენ, ვერ დაამთავრებენ ნაციონალურ მოძრაობას და პირიქით, რაც სასტიკად მოექცევით და ამ სისასტიკის მონაწილე იქნებით, რაც მეტად დაჩაგრავთ და უკანონოდ მოექცევით, მით მეტად გაიზრდება შანსი, რომ დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა, აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება,“- განაცხადა დათო ტურაშვილმა.