საფრანგეთმა ევროკავშირის ქვეყნებს სტრატეგიული რეზერვებიდან 50 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 50 მილიონი ბარელი დიზელის საწვავის გათავისუფლება შესთავაზა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინიციატივა მას შემდეგ გახმაურდა, რაც აშშ-მა ევროპულ ქვეყნებს საწვავის ფასების შესამცირებლად ნავთობისა და დიზელის მარაგების გამოყენებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საწვავის ექსპორტზე შესაძლო შეზღუდვით დაემუქრა.
ორი ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, წინადადება პარასკევს, ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრაზე წამოაყენეს. მათი თქმით, საკითხი ამ ეტაპზე ტექნიკურ შეფასებას გადის.
საფრანგეთის შეთავაზება ვაშინგტონის მხრიდან გაძლიერებულ წნეხს მოჰყვა. აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა სამი თვის განმავლობაში სტრატეგიული მარაგებიდან 120 მილიონი ბარელი გამოათავისუფლონ, რათა დიზელის გაძვირება შეაკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი საწვავის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.
ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, საფრანგეთის შეთავაზება ასევე პასუხია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ მოთხოვნაზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებდა, 100 მილიონი ბარელი საწვავი გაეთავისუფლებინა, მათ შორის მთელი მოცულობა დიზელი უნდა ყოფილიყო.
გერმანია, თავის მხრივ, რეზერვების გათავისუფლებას ჯერჯერობით არ ეთანხმება.
„გერმანიას და სხვა ქვეყნებს არ სურთ, რომ ისინი გამოიყენონ. მათ სურთ მარაგების გათავისუფლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიწოდების რეალური უსაფრთხოების პრობლემა არსებობს“, – განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთსა და გერმანიას ევროპაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყველაზე დიდი სტრატეგიული მარაგები აქვთ.
მეორე ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, საფრანგეთი მზად არის, აშშ-ის მოთხოვნას შეუერთდეს და „ცხადია, ევროკავშირი რაღაცას გააკეთებს, თუკი საერთო გადაწყვეტილებაზე შეთანხმებას შეძლებს“.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რეზერვები ევროკავშირის მასშტაბით ერთობლივად გათავისუფლდება თუ ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. ამის მიზეზად მან ვაშინგტონის მიერ სხვადასხვა ევროპული ქვეყნისთვის განსხვავებული მოთხოვნების წაყენება დაასახელა.
