“რატომ ცდილობს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, რომ ოპოზიციური ერთობის ილუზია შექმნას და რამდენიმე პარტიასთან ერთად საპროტესტო აქციები დაგეგმოს? ხომ არ არის მისი მხრიდან იმის მცდელობა, რომ ცალკე ოპოზიციური ფლანგი შექმნას, რომელიც მას ენმ-იდან წამოსვლის შემდეგ დასჭირდება? მელიას პარტიიდან გაშვების ინფორმაცია არა ერთხელ გავრცელდა, რადგან ის სულ უფრო ხშირად ხდება ნაციონალების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექი, აბრალებენ, რომ აქციების იმიტაციას ახდენს და სააკაშვილის გასათავისუფლებლად რეალურად არაფერს აკეთებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მელია სულ უფრო სცილდება “ნაციონალების” ბირთვს – “კარგად იცის, ადრე თუ გვიან ენმ-იდან გაუშვებენ”.
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ ნიკა მელია შესაძლოა ახალი გუნდით სხვა თამაშის წამოწყებას ცდილობდეს, თუმცა ელექტორალური თვალსაზრისით ამას რამდენად შეძლებს, საკითხავია. ამბობს, რომ მელია ამ კოალიციური ერთობით სხვა ოპოზიციური მხარდამჭერების მოხმობას ცდილობს. იმ ამომრჩევლის, რომლისთვისაც “ნაციონალური მოძრაობა” რადიკალურად მიუღებელია. თუმცა ამ პარტიებს არ ჰყავთ იმ რაოდენობის მხარდამჭერები, რომ ქუჩაში გამოსვლისას სურათი რადიკალურად შეცვალოს”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.
“მელია კარგად ხვდება, რომ მხოლოდ ენმ-ის რესურსით უწყვეტი აქციების ტემპს ვერ შენარჩუნებს. ეს საკმაოდ რთულია და ძალიან ბევრ რესურს მოითხოვს. რასაც თვალს ვადევნებდი, ამ აქციებში ჩართული ხაზარაძე, ჯაფარიძე და ხოშტარიაც იყვნენ, თუმცა როგორც ჩანს ახლა ორგანიზაციებმა და პარტიებმა მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს. თუმცა ელექტორალურად ეს მათ რას შეჰმატებს რთული სათქმელია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მელია ცალკე თამაშის წამოწყებას ცდილობდეს და ახალ გუნდს ქმნიდეს. თუმცა მას, როგორც პოლიტიკოსს, არა აქვს ის რესურსი, რომ ამომრჩეველი გაჰყვეს. მან ძალიან კარგად იცის, ადრე თუ გვიან ენმ-იდან გაუშვებენ, ამიტომაც ახალი გუნდი სჭირდება. რაც შეეხება იმას, ეს აქციები რა შედეგს გამოიღებს, ძალიან მეეჭვება რომ რამე ეფექტი ჰქონდეს. როგორც გავიგე, ისევ ქუჩებში სირბილს აპირებენ და ასეთი აქცია რა შედეგს მოიტანს, ვერ ეგტყვით”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.