ჩინეთში გაუჩინარდა ცნობილი ჩოგბურთელი პენ შუაი, რომელმაც ყოფილი ვიცეპრემიერი ჩჟან გაოლი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. New York Times-ის ცნობით, 2 ნოემბერს 35 წლის პენ შუაიმ ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში დაწერა, რომ ჩჟან გაოლიმ მას სექსით დაკავება აიძულა.
CNN-ის ცნობით, პენ შუაიმ განაცხადა, რომ ჩჟან გაოლისთან მისი სექსუალური კავშირი 10 წლის წინ, ორმხრივი თანხმობით დაიწყო, თუმცა პოლიტბიუროს შემადგენლობაში შესვლის შემდეგ გაოლიმ მასთან ურთიერთობა შეწყვიტა. 2017 წელს, პოლიტბიუროდან გასვლის შემდეგ ის კვლავ დაუკავშირდა ჩოგბურთელს. ჩჟან გაოლიმ და მისმა ცოლმა პენ შუაი სახლში მიიპატიჟეს, სადაც ყოფილმა ვიცე-პრემიერმა მას სექსით დაკავება აიძულა. ამის შემდეგ მათი ურთიერთობები განახლდა, თუმცა 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს მათ იჩხუბეს, რის შემდეგაც ყოფილი ვიცეპრემიერი მასთან კავშირზე აღარ გამოდიოდა.
ჩინეთის სახელმწიფო ცენზურამ პენ შუაის პუბლიკაცია გამოქვეყნებიდან დაახლოებით 30 წუთში წაშალეს. ჩოგბურთელს 500 000 გამომწერი ჰყავს, ამიტომ არაერთმა ადამიანმა პუბლიკაციის წაკითხვა და შენახვა მოასწრო. ამჟამად Weibo-ზე ჩოგბურთელის ვერიფიცირებული გვერდი კვლავ ხელმისაწვდომია, თუმცა მისი წინა პუბლიკაციების კომენტარები გათიშულია, საძიებო ველში კი მისი სახელი დაიბლოკა.
პენ შუაის პუბლიკაციის შემდეგ არც მისი და არც ჩჟან გაოლის მხრიდან არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა. ჩოგბურთელის გულშემატკივრები შიშობდნენ, რომ ის შესაძლოა გატაცებული ან მოკლული ყოფილიყო. 14 ნოემბერის ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც პენ შუაის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მის მიერ წამოყენებული ბრალდებების შესწავლა მოითხოვა.
სკანდალს გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო სამინისტროც. უწყებაში განაცხადეს, რომ პენ შუაის გაუჩინარების შესახებ მათთვის არაფერია ცნობილი. ჩინეთის სხვა ოფიციალური უწყებები მომხდართან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ.
2014 წელს პენ შუაი წყვილთა თანრიგში მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. მის ანგარიშზეა „დიდი სლემის“ ტურნირებში ორი გამარჯვება, ამჟამად ის წყვილთა თანრიგში რეიტინგის 192-ე ადგილზე იმყოფება.
75 წლის ჩჟან გაოლი 2012-2017 წლებში ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი იყო. კომიტეტში მხოლოდ 7 ადამიანი, მათ შორის გენმდივანი სი ძინპინი შედიოდა. 2013-2018 წლებში ჩჟან გაოლი პირველი ვიცეპრემიერის თანამდებობას იკავებდა და მასშტაბურ ეკონომიკურ პროექტებს კურირებდა. 2018 წელს მან ყველა დაკავებული თანამდებობა დატოვა.