შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გამართულ ევროპის საექსპერტო დაწესებულებათა კავშირის (ENFSI) ყოველწლიურ კონფერენციაში, როგორც ახალმა სრულუფლებიანმა წევრმა, პირველად მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციას ENFSI-ის თავმჯდომარე ჟან დე კინდერი უძღვებოდა, რომელმაც საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი კავშირის სხვა სრულუფლებიან წევრებს წარუდგინა. ღონისძიებაზე დეპარტამენტის დირექტორ ნუგზარ სუჯაშვილს ENFSI-ის დროშა და სრულუფლებიანი წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
კონფერენციის ფარგლებში, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა ENFSI-ის მმართველი საბჭოს ახალი წევრების არჩევის, სამომავლო ღონისძიებებისა და ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების კენჭისყრის პროცესებში მიიღო მონაწილეობა.
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი აღნიშნული ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი 2016 წლის 5 იანვარს გახდა. ENFSI ევროპაში ყველაზე ავტორიტეტული საექსპერტო გაერთიანებაა. ორგანიზაციის წევრობა წარმოადგენს გარანტს, რომ საექსპერტო დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
ENFSI-ის ეგიდით, რეგულარულად ტარდება ერთობლივი სწავლებები, სემინარები და კონფერენციები. კავშირში გაწევრიანების შემდეგ, ქართველი ექსპერტები, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საექსპერტო მეთოდის დახვეწა-განახლებაში, მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება უახლესი ინფორმაცია მონაცემთა ბაზებზე, საექსპერტო-სამეცნიერო პროგრესისა და ტენდენციების შესახებ.
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ENFSI-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა
2016/05/19 10:59:46
კომენტარები
ნანახია: 1666 ჯერ