მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, შენ დაგემართება თუ არა კოვიდი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„სხვათა შორის, საქართველოში ყველას უყვარს ტესტების გაკეთება და მე ვხედავ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ლაბორატორია მილიონობით ფულს აკეთებს სწორედ ამ ანტისხეულების ტესტებით. ანტისხეული ეს არის მხოლოდ ერთი მიმართულება. იცით, როგორ არის? – მიდიხარ, იკეთებ ტესტს და მერე ყველაფერი კარგად არის. არადა, კოვიდიმარტო ანტისხეულებზე არ არის დამოკიდებული, კიდევ სხვა მექანიზმზეა საუბარი და ასევე კვლევებშია საუბარი, რომ არ მინდა, არასამედიცინო ენა გამოვიყენო, მაგრამ არის კიდევ სხვა კონკურენტები და სხვა ტესტები, რომლებიც აჩვენებს, რომ შესაძლებელია, ანტისხეულები მაღალი იყოს, მაგრამ სხვა ინდიკატორები აჩვენებს, რომ პირიქით, ამ ადამიანს შეიძლება, დაემართოს კოვიდი. შესაბამისად, მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, შენ დაგემართება თუ არ დაგემართება კოვიდი“, – განაცხადა ფხაკაძემ.
ამ განცხადებით გიორგი ფხაკაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად მისაღებია აცრისგან თავის შეკავება იმ შემთხვევაში, თუ კოვიდგადატანილ ადამიანს ანტისხეულები დიდი ხნის განმავლობაში აქვს, რადგან საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მიდის, ანტისხეულებს იმოწმებს და როცა ხედავს, რომ ექვსი თვის, ან ერთი წლის შემდეგაც აქვს საკმარისი ანტისხეულები, აცრისგან თავს იკავებს.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა აქედან გამომდინარე, რომ კოვიდპასპორტიკოვიდგადატანილი მოქალაქეებისთვისაც ექვსთვიანი უნდა იყოს, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ კოვიდპასპორტი მაქსიმუმ, 6-თვიანი უნდა იყოს.
„მე რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები და თუ მინდა, მართლა გავაჩერო ვირუსი მსოფლიოში, მე მაგალითად, მივიღებდი კოვიდის გადატანიდან სამ თვეს. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცული. 100 ადამიანიდან შეიძლება, 70 ადამიანი სამი თვის შემდეგ იყოს დაცული, მაგრამ 30 ადამიანი შეიძლება, იყოს რისკის ქვეშ და ეს 30 ადამიანი გაავრცელებს ვირუსს. ექვსი თვის შემდეგ ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი, რომ 100 ადამიანიდან დაახლოებით, 70 ადამიანს შეიძლება, დაემართოს ვირუსი და 30 ადამიანი არის დაცული“, – განაცხადა ფხაკაძემ.
როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, არის კვლევები, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილიადამიანები სამი თვის შემდეგ დაცულობას კარგავენ და რაც დრო გადის, ეს დაცულობა სულ უფრო იკარგება.
„ეს დრო რომ არ დავკარგოთ, ამიტომ არის რეკომენდებული, რომ ადამიანი, რომელიც კოვიდს გადაიტანს, 30 დღის შემდეგ უნდა აიცრას პირველი დოზით, 21-28 დღის შემდეგ მეორე დოზით, რა თქმა უნდა, „ფაიზერით“ და მეორე დოზიდან 14 დღის შემდეგ ის დაცულია. აი, ზუსტად ეს სამთვიანი ფანჯარა კარგად იხურება“, – განაცხადა ფხაკაძემ.