მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ მომხდარ ინციდენტზე ჰყვება.
მისი თქმით, მასთან პალატაში შავ ფორმაში ჩაცმული უცხო პირები შევიდნენ, რომლებიც ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მის გადაყვანას გლდანის ციხეში.
როგორც სააკაშვილი ამბობს, მან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ გონება დაკარგა და რა მოხდა შემდეგ აღარაფერი ახსოვს.
“შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.
მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.
ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.
ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა”. – წერს მიხეილ სააკაშვილი.
