მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუს მახლობლად, სოფელ კოლონიცაში, სავარაუდოდ, დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პოლიციაში განაცხადეს.
შემთხვევის ადგილზე ამჟამად პოლიციის ტექნიკური და ასაფეთქებელი ნივთიერებების განყოფილების სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც აუცილებელ შემოწმებებს ატარებენ და აღმოჩენილ ნამსხვრევებს სწავლობენ.
ცნობისთვის, 18 სექტემბრის ღამეს კიშინეუს მახლობლად, სოფელ კოლონიცაში ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. როგორც მოლდოვის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, იმ ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც ცნობილია, მოლდოვის საჰაერო სივრცეში რეგულარულად ხვდებიან რუსეთის მიერ გამოყენებული დამრტყმელი საშუალებები, რომლებითაც უკრაინაზე თავდასხმები ხორციელდება. 17 სექტემბრის ღამეს ქვეყნის საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვია დრონმა, რომელიც თითქმის მაშინვე უკან, უკრაინის მიმართულებით გაფრინდა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში რუსეთმა დაიწყო უკრაინის იმ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, რომელიც მოლდოვასა და რუმინეთთან მდებარეობს.
