ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ცოტა ხნის წინ სამუშაო ადგილი და კომპიუტერი გავათავისუფლე მიშასთვის, “პოსტ-ფაქტუმის” ახალი წამყვანისთვის.
ძველი ფაილების გასუფთავებისას ეთერში გაუსვლელი რამდენიმე გაბულოგი აღმოვაჩინე, რომლებიც გადაცემისთვის მოვამზადე, მაგრამ სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე მაყურებლამდე აღარ მივიტანე – ყოფილა შემთხვევა, რომ თვითონ გადამიფიქრია; ზოგჯერ კი ვითარება შეცვლილა მოულოდნელად ისე, რომ ჩემი მონოლოგი იმ მომენტისთვის უადგილო გამხდარა და ამიტომ გამიუქმებია.
ამ გადა(გ)დებული გაბულოგებიდან ორის გამოქვეყნება გადავწყვიტე აქ. პირველი დაწერილია 2021 წლის აპრილში – იმ დროს, როდესაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი გამოუვალ ჩიხშია შესული და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თუ მისი წარმომადგენელი კვირების განმავლობაში ცდილობენ კვანძის გახსნას. სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდში გამიჩნდა იდეა ხელისუფლებასთან ინტერვიუს ფორმატის გადაცემის გაკეთების შესახებ, სადაც ერთმანეთთან მშვიდად საუბარს შევძლებდით.
მეორე გაბულოგი 2021 წლის სექტემბრისაა – დაწერილია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც “პოსტ-ფაქტუმის” დატოვება უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ამის შესახებ წინასწარ მინდოდა მაყურებლისთვის მეთქვა. მაგრამ მაშინ აღარ ჩავთვალე საჭიროდ ამის გაკეთება და რამდენიმე თვეში ისე წავედი, რომ, ფაქტობრივად, არაფერი ვთქვი გარდა იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებოდით.
ამიტომ ახლა გავიმეორებ იმას, რისი თქმაც მაშინ მინდოდა – ცალკე პოსტებად გამოვაქვეყნებ ორივე გაბულოგს. სხვებიც არის, მაგრამ დანარჩენების გასაჯაროებისგან ამჯერადაც თავს შევიკავებ. 😉
წარმატება ჩემს ძვირფას კოლეგას და მეგობარს, მიშა სესიაშვილს! წარმატება “პოსტ-ფაქტუმის” მთელ გუნდს, მის ძველ და ახალ წევრებს! უდიდესი მადლობა მათ ერთად გატარებული ძალიან მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი წლებისთვის!
და, რა თქმა უნდა, მთავარი მადლობა ჩვენს მაყურებელს – მოყვარესაც და მოძულესაც თანაბრად. რომელ მხარესაც არ უნდა იყოთ, მთავარი ხართ თქვენ!”