180 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს წყალმომარაგების სექტორს და მენეჯმენტის ხარისხობრივ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აქუალიას“ აღმასრულებელ დირექტორ ფელიქს პარა მედიავილასა და „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურთან ონლაინ-შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი კომპანიის „Georgia Global Utilities“-ს (GGU) სტრატეგიული ინვესტორი და პარტნიორი, მსოფლიოში წამყვანი ესპანური კომპანია „აქუალია“ (Aqualia) ოფიციალურად გახდა. „აქუალიამ“ 180 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რის სანაცვლოდაც შეიძინა კომპანია “Georgian Water and Power”-ის 80%-იანი წილი. დანარჩენი 20%-იანი წილის ფლობას კვლავ „საქართველოს კაპიტალი“ განაგრძობს.
ონლაინ-შეხვედრაზე ხაზი გაესვა ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო სანდო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წლის საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.6% იყო. მისი თქმით, საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთით და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობით სწრაფად მიიწევდა უფრო ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისკენ.
ხაზი გაესვა მსოფლიოს წამყვან რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს, როგორც ბიზნესის კეთების სიმარტივის, ისე ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, ასევე ჩინეთთან, EFTA-ს ქვეყნებთან, უკრაინასთან, თურქეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, რაც ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონული კერის განსავითარებლად, მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი – 180 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს წყალმომარაგების სექტორის განვითარებას
2022/02/03 13:22:49
კომენტარები
ნანახია: 335 ჯერ