შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ბელორუს ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაციის შემადგენლობაში ბელორუსის ტელევიზიებისა და პრესის ჟურნალისტები იყვნენ. შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა დელეგაციის წევრებს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობაზე, უწყებაში დაგეგმილ პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა. ბელორუსი ჟურნალისტები საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით, განსაკუთრებით, ახლად შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრით დაინტერესდნენ. შს მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით სამინისტროში დაწყებული ახალი პროექტი – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ გააცნო, რომელსაც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ახორციელებს.
„ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება, მათი ჩართვა შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული კამერების უწყვეტი მონიტორინგი. პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შსს-ს ტექნოლოგიების ცენტრალიზებულ ჰაბს წარმოადგენს. იგი დანაშაულის პრევენციას, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, უცხოელმა სტუმრებმა საპატრულო პოლიციის ავტომანქანები და პატრულ-ინსპექტორების აღჭურვილობა დაათვალიერეს. ბელორუსი ჟურნალისტები, ასევე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ეწვივნენ. ისინი „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, ცენტრის სერვისებსა და ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ.