ვაზიანში, მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში საზეიმო ღონისძიებით პირველად აღინიშნა გენერალური შტაბის უფროსის გაცილება.
ვახტანგ კაპანაძემ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეიარაღებული ძალების დროშა გადასცა და შტაბის ხელმძღვანელობას გადააბარა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გენერალური შტაბის უკვე ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე შეიარაღებულ ძალებს დაემშვიდობა და სიტყვით მიმართა.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ თანამდებობით თქვენთან ერთად მემსახურა. გაუფრთხილდით ქართველი მებრძოლის ღირსებას. გახსოვდეთ სამაჩაბლო, გახსოვდეთ აფხაზეთი. გფარავდეთ ღმერთი”, – განაცხადა კაპანაძემ.
თავდაცვის მინისტრმა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მედლით – “საქართველოსთვის თავდადებული” დააჯილდოვა.