ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ცვლილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულის მიმართ გირაოს – 5000 ლარის გამოყენების თაობაზე. საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ბრალდებულებს – დავით ჩ.-ს და ზურაბ გ.-ს შეეფარდათ გირაო 4000-4000 ლარის ოდენობით, ეთერ კ.-ს -3000, ხოლო ფატიმა ჭ.-ს 2000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. სასამართლომ, გირაოს გადახდის ვადად განსაზღვრა 30 დღე.
„საქმე ეხება ჯგუფის მიერ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ყალბი დიპლომების დამზადების, გასაღების მიზნით შენახვის და გასაღების ფაქტებს. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბრალდებულებმა მოქალაქეს ეტაპობრივად გამოართვეს 3 500 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ბრალდებულების სახით დააკავეს.
სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, გაითვალისწინა ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი და სპეციფიკა, ბრალდებულთა პიროვნება, თითოეული ბრალდებულის ქმედების ხარისხის, როლის და მათი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება იქნება ეფექტური და ეფექტიანი საშუალება მომავალში ბრალდებულების სათანადო ქცევის განსაზღვრისათვის“, – ნათქვამია სასამარტლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 10 იანვარს 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
დღეს აღნიშნულ საკითზე ბრიფინგი გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც განაცხადეს, რომ სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ
2016/11/29 14:49:26

კომენტარები
ნანახია: 1473 ჯერ