დაცვის მხარე სასამართლო დებატებში დამარცხდა, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატების საპასუხოდ განაცხადა, რომლებმაც პროკურორები ღია დებატებში გამოიწვიეს. შოთაძისთვის ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით სატელევიზიო დებატები მიუღებელია.
„დაცვის მხარეს წელიწადი და 8 თვე ჰქონდა იმისთვის, რომ პროკურორებთან დებატებში თანასწორი სასამართლოს პირობებში გაემარჯვათ. ამ დებატებში ისინი დამარცხდნენ. ეს არ არის სწორი სამართლებრივი რეჟიმი. ეს არ არის მართლმსაჯულება. მართლმსაჯულებას ჩვენ ვერ გადავიტანთ ტელევიზიაში, შესაბამისად, ეს არის არასწორი შეთავაზება, ფორმატი იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მართლმსაჯულება. შესაბამისად, პროკურორი ტელევიზიის სტუდიაში ვერ დაჯდება და ვერ გამართავს დებატებს დაცვის მხარესთან. დებატები იმართება მხოლოდ სასამართლო დარბაზში. მათ ჰქონდათ ეს შესაძლებლობა და ეს განცხადებები მე მაგონებს ჩხუბის მერე მუშტების ქნევას“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მთავარი პროკურორის თქმით, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატებს აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ დებატები მეორე და მესამე ინსტანციებში. შესაბამისად, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში და შოთაძე განმარტავს, რომ პროკურატურა მზად არის ამ დებატებში მონაწილეობა მიიღოს.