სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში, თანამდებობებზე აღადგინეს, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც ნათქვამია, რომ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის სერგო ნინუასა და სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ცაბაძის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა.
”მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ მედიაში გაჟღერებული ბრალდება, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეები 2012 წლის არჩევნების წინ ძალისმიერი მეთოდებით ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, არ დასტურდება. მოკვლევისას გამოიკითხნენ მედიაში გაჟღერებული ფაქტების მონაწილე პირები: „ინფო-9“-ის ოპერატორი, იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც 2012 წელს ვიცე-პოლკოვნიკები სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე მეთაურობდნენ და თავად ხსენებული ოფიცრები. გამოკითხულთაგან არც ერთმა დაადასტურა მედიაში, კონკრეტული პირის მიერ გავრცელებული ბრალდება. შესაბამისად, ვიცე-პოლკოვნიკი სერგო ნინუა აღდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, გიორგი ცაბაძე კი – ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.