ჩვენთვის რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მოეპოვებინა, მაცხოვარმა უდიდესი დამცირება, ცილისწამება და ტანჯვა დაითმინა და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით გამოგვიხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობისგან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშიანათქვამი.
„მართალია, ქრისტეს აღდგომით ბოროტება შეიმუსრა, მაგრამ განწმენდისა და ცოდვის ბიწისაგან გათავისუფლების პროცესი სულიერი ღვაწლითა და მრავალი განსაცდელის ღირსეულად დათმენით ყველამ პიროვნულადაც უნდა აღვასრულოთ, – უნდა ძალისამებრ ჩვენისა განვაახლოთშემოქმედის ხატება და მსგავსება ჩვენში (ანუ შინაგანად შევძლოთ აღდგენა იმისა, როგორადაც შეგვქმნა უფალმა), რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ბრძოლას ჩვენს ეგოისტურ აზროვნებასთან და ვნებებთან.
ეს არის გარდაუვალი ომი საკუთარ თავთან, რაც აუცილებლად მოუწევს ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს.
ამ ომში გამარჯვება წარმოუდგენელია ღვთის შემწეობის გარეშე, სიკვდილის დამთრგუნველი უფლის რწმენის გარეშე, რადგან საწუთრო და მისი საცდურნი იოლად არ ანებებენ თავს ადამიანს და მრავალგვარ მახეს უგებენ ცრუ თავისუფლების სახელით. წუთისოფელი და მისი წარმავალი სიკეთენიჩვენს დაცემულ ბუნებას თავისკენ იზიდავს და ცოდვის მორევში ადვილად აქცევს მრავალთ.
სულ სხვაა მორწმუნეთა ცხოვრება. ესაა მუდმივი სვლა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, რწმენისა და სიმართლის ვიწრო გზით; და ისინი, საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებულნი, სძლევენწუთისოფელს ( 1 ინ. 5,4).
მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ომს თავის თავთან კი არ აწარმოებს, არამედ მოყვასთან და შუღლითა და დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებას.
დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის.
ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება.
უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის.
ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთია, როდესაც აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება; პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან, შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა“, – ნათქვამია ეპისტოლეში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ისსააღდგომო ეპისტოლე სრულად იხილეთ ამ ბმულზე.