რეზოლუციის რა ტექსტიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ეწეროს შიგნით, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე, მას არც პირადად ჩემი მხარდაჭერა და არც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება,- ასე განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, რატომ არ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ მონაწილეობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამართულ კენჭისყრაში, რომელზეც გადიოდა რეზოლუცია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“.
„ყირიმის პლატფორმაზე ნამდვილად მივდივარ ჩემი კოლეგის, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევით, რომელთანაც ინტენსიური კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის, იცით, რომ ახლაც ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე რუანდაში, სადაც შევხვდით უკრაინის რადას პირველ ვიცე-სპიკერს და ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვუგებთ ყველა ერთმანეთს და სამწუხაროდ, როგორ ხდება ძალით მცდელობა, რომ გაუგებრობა ჩამოვარდეს.
რაც შეეხება რეზოლუციას, გეტყვით ჩემ პირად პოზიციას. რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან არ ექნება. ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი, რეზოლუციის რა ტექსტიც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ეწეროს შიგნით, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე, იმას პირადად ჩემი მხარდაჭერა არ ექნება და არც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება. თქვენ როგორ დაუჭირეთ ამ რეზოლუციას მხარი 2008 წელს, ეს ვნახეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.