როდესაც საბოლოოდ გამოდის რეზოლუცია კენჭისყრაზე, მას კენჭი ეყრება ერთიანად, ყველა ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც მასში არის ასახული – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ითქვა მარტივი ტყუილი. არ ვიცი ვის უნდა დააჯერონ ასეთი ტყუილები. სინამდვილეში ბოლოს, როდესაც გამოვიდა რეზოლუცია კენჭისყრაზე, მასში უკვე იყო ასახული ჩანაწერი ერთ-ერთი მთავარი კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ტყუილებით რამდენ ხანს ეცდებიან ისინი ფონს გასვლას, ვერც გადიან, მე არ ვიცი, მაგრამ ეს იყო ძალიან მარტივი ტყუილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.