სამწუხაროა, რომ სააკაშვილის თანაგუნდელებმა და მასთან პირადად დაკავშირებულმა უკრაინელმა პოლიტიკოსებმა შეიტანეს ბოლო მომენტში ეს ცვლილება ისეთ რეზოლუციაში, რაზეც ერთსულოვნება უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სააკაშვილის საკითხის შემოტანით მათ მნიშვნელოვნად შეამცირეს ამ რეზოლუციის მხარდაჭერა. ოპოზიცია იქაც ცრუობს, როცა ამბობს, რომ მხარდაჭერა შეიძლებოდა პუნქტის გამოკლებით – ასეთი რამ ევროპის საბჭოს რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული. თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო, მაშინ აგვიხსნას ისევ ამ ოპოზიციამ: 2008 წელს, როდესაც მხარი დაუჭირეს ომთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რატომ არ ამოიღეს და რატომ არ მიუთითეს იქვე, რომ არ ეთანხმებოდნენ საქართველოს მიერ ომის დაწყების ბრალდების პუნქტს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.